რაში შეგვიძლია ChatGPT-ის გამოყენება?
ამ ჩატბოტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა თავისი სასარგებლო ფუნქციების გამო. მას შეუძლია:
ბუნებრივი ენის გაგება-დამუშავება: ChatGPT-ის არა მხოლოდ სიტყვების სემანტიკა ესმის, არამედ ადამიანთა ენის ნიუანსების დაჭერაც კი შეუძლია, იცის გამოთქმები, კონტექსტის მიხედვით ასხვავებს ტექსტს, შეგიძლიათ, მიუთითოთ, რომ გამოიყენოს იუმორისტული ან პროფესიული ტონი. ბუნებრივი ენის საანალიზოდ კარგი ინსტრუმენტია.
კონტენტის შექმნა: ChatGPT-ს შეუძლია დაგიწეროთ სტატია, ელექტრონული წერილი, სოციალური მედიის პოსტი ან სულაც მხატვრული ტექსტი. ის ასევე ქმნის კოდებს და თუ კოდის წერისას შეცდომას დაუშვებთ, შეუძლია, სწორი ვერსია შემოგთავაზოთ.
ინფორმაციის მოწოდება: ეს ჩატბოტი ინფორმაციის უზარმაზარ ბაზას ფლობს. მართალია ეს ბაზა მხოლოდ 2021 წლამდე მომხდარ ფაქტებს შეიცავს, მაგრამ ის მაინც ერთ-ერთი უდიდესი ბაზაა მსოფლიოში. შეგიძლიათ, ChatGPT-ს ნებისმიერი კითხვა დაუსვათ და კარგად ჩამოყალიბებული პასუხი მიიღოთ. თუ რაიმე საკითხი არ გესმით, ეს ბოტი მარტივად აგიხსნით. მას ვრცელი სტატიების მოკლე რეზიუმეების შექმნაც შეუძლია.
თარგმნა: ჩატბოტის კიდევ ერთი ფუნქციაა. ის ბევრ ენას ფლობს და შეუძლია სასურველი ინფორმაცია გითარგმნოთ. თუმცა ზოგჯერ თარგმანი ზუსტი არაა.
სწავლაში დახმარება: ChatGPT-ის შეუძლია მარტივად აგიხსნათ რთული თეორიები, დაგეხმაროთ საშინაო დავალების მომზადებაში და ახალი თეორიებიც კი გასწავლოთ.
კონტენტის პერსონალიზება: ჩატბოტი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და კონტენტს მათთვის სასურველი სტილით აწვდის. მაგალითად, თუ თქვენ იუმორისტული ტექსტები გჭირდებათ, ხუმრობებს ჩაურთავს, მაგრამ თუ აკადემიური ტექსტი გინდათ, მაშინ პროფესიულ ტონს გამოიყენებს.
როგორ მუშაობს ChatGPT?
ChatGPT მწარმოებელი ხელოვნური ინტელექტის - ე.წ. generative AI-ის ერთ-ერთი ფორმაა. მას ტექსტთან ერთად შეუძლია სურათები და ვიდეოებიც შექმნას, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ჩატს სწორად მივცეთ დავალება. ზოგჯერ ის ვერ აღიქვამს შეკითხვას და გვეუბნება, რომ პასუხი არ იცის. მაგრამ თუ კითხვის პერიფრაზს შევთავაზებთ, სასურველ ინფორმაციას მოგვაწვდის.
დავალება, რომელსაც ინგლისურად prompt ეწოდება, ისევ უნდა ავაგოთ, რომ პროგრამისთვის ნათელი იყოს რას მოვითხოვთ და კონკრეტულად როგორი შედეგის მიღება გვსურს. ხშირ შემთხვევაში, არასწორად ან ნაწილობრივ ჩამოყალიბებული დავალების პასუხი დიდად გამოსადეგი არ არის (განსაკუთრებით, თუ სტატიის ან მსგავსი ტექსტის დაწერას ვთხოვთ), ამიტომ შეიძლება დავალების ხელახლა გაწერა მოგვიწიოს. ამასთანავე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ChatGPT-ის ბაზა 2021 წლამდე მომხდარ ფაქტებს შეიცავს. ამიტომ თუ მაგალითად, „ნიუსის“ ტიპის ტექსტის შექმნა გვსურს, ფაქტები ჩვენ უნდა მივაწოდოთ. როგორც წესი, სტატიის სტრუქტურას ჩატი თავად აგებს და სათაურსა და ქვესათაურებსაც გამოყოფს. მაგრამ თუ კონკრეტული რაოდენობის ქვესათაურები გვინდა, ან აბზაცების მიმდევრობა უკვე განსაზღვრული გვაქვს, ეს დავალებაში უნდა მივუთითოთ.
მაგალითად, შეგვიძლია ჩატბოტს ასეთი სახის დავალება მივცეთ:
„დამიწერე სტატია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე. სტატია უნდა იყოს სამეცნიერო, სერიოზული ტონით დაწერილი, დაახლოებით 1000 სიტყვა. ჩაურთე სამი ქვესათაური და იმსჯელე შემდეგ საკითხებზე: პირველი - მოდერნიზმის განვითარება საქართველოში, მეორე - მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში რომელი მოდერნისტული მიმდინარეობები ჩამოყალიბდა, მესამე - ცნობილი ქართველი მოდერნისტი მწერლები და მათი ნაწარმოებები.“
ამ დავალებას შესაძლოა კიდევ დასჭირდეს დახვეწა, იმის მიხედვით, თუ როგორ პასუხს გაგვცემს ჩატი, შეგვიძლია დავალება შევცვალოთ, რაიმე ჩავამატოთ ან ამოვაკლოთ.
ChatGPT-ის კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ფუნქცია ინფორმაციის მოწოდებაა. როგორც აღვნიშნეთ, შეგვიძლია მას კითხვა ჩვენთვის საინტერესო ნებისმიერ საგანზე დავუსვათ. თუ პასუხი ბუნდოვანია, მაშინ ჩატს უნდა დავუზუსტოთ, რისი განმარტება გვინდა.
როგორ განიმარტება ChatGPT და ვინ შექმნა ეს რობოტი?
GPT განიმარტება როგორც - Generative Pre-trained Transformer (წინასწარ გაწვრთნილი მწარმოებელი ტრანსფორმერი). იგი ადამიანთა უკუკავშირით სწავლობს. როცა ჩვენ ვთხოვთ ჩატს პასუხის დაზუსტებას, ან გავრცობას, ან მივუთითებთ, რომ არასწორად გვიპასუხა და სხვა ინფორმაციას ველოდით, ის ამ ცნობებს იყენებს პასუხების დასახვეწად და გასაუმჯობესებლად. ხოლო იმ პასუხებს რომლებიც მომხმარებელს მოსწონს, ჩატი მაღალ შეფასებას ანიჭებს და შემდგომში მათ მსგავს კონტენტს ქმნის.
ChatGPT-ი OpenAI -ის პროდუქტია. ეს კომპანია ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და განვითარებაზე მუშაობს. ჩატბოტი პირველად 2022 წლის ნოემბერში გაეშვა. OpenAI -ის შექმნაში ელონ მასკი და სემ ალტმანი მონაწილეობდნენ 2015 წელს. ამჟამად კი კომპანიას რამდენიმე სერიოზული ინვესტორი აფინანსებს, მათ შორის მაიკროსოფტიც.
ChatGPT წინასწარ გაწვრთნილი მწარმოებელი ტრანსფორმერის (Generative Pre-trained Transformer) საშუალებით მუშაობს. ის სპეციალურ ალგორითმებს იყენებს რომ მონაცემებში კანონზომიერებები (patterns) აღმოაჩინოს. თავიდან ჩატი GPT-3-ის ენობრივ მოდელს იყენებდა, რომელიც მესამე თაობას წარმოადგენს. ეს ტრანსფორმერი დიდი რაოდენობის მონაცემებს იყენებს პასუხის ფორმულირებისთვის. თუმცა კომპანიამ მალევე გაუშვა GPT-3.5 მოდელი, ხოლო ChatGPT Plus-ი უკვე GPT-4 მოდელს იყენებს. ეს უკანასკნელი უფრო სწრაფ პასუხებს გვთავაზობს, ინტერნეტის პლაგინებთან ერთად (plugins). გარდა ამისა, GPT-4-ს უფრო კომპლექსური და რთული ამოცანების შესრულებაც შეუძლია, მაგალითად, სურათების აღწერა, სურათებისთვის სათაურების მოფიქრება და უფრო დეტალური პასუხების გაცემა კითხვებზე, მაქსიმუმ 25.000 სიტყვის ფარგლებში.
გარდა ამისა, ChatGPT deep learning-ის (ღრმა სწავლების) ტექნოლოგიასაც იყენებს, რათა ნევრალური ტრანსფორმერი ქსელების დახმარებით ადამიანის მსგავსი ტექსტი შექმნას. ტრანსფორმერი აგებს ტექსტს - იგონებს მომდევნო სიტყვას, წინადადებასა თუ პარაგრაფს - იმის მიხედვით, თუ როგორია ტიპური პასუხი მის საწვრთნელ მონაცემებზე დაყრდნობით.
რობოტის წვრთნა იწყება ზოგადი მონაცემთა ბაზით, მაგრამ შემდეგ სპეციფიკურ დავალებაზე მორგებულ მონაცემებზე გადადის. ChatGPT ინტერნეტ-სივრცეში არსებული ტექსტებით გაიწვრთნა, რათა ადამიანის ენა ესწავლა და შემდგომ ეს ენა საბაზისო დიალოგებითვის გამოეყენებინა.
წვრთნის პროცესში ადამიანები იწყებდნენ დიალოგებს და შემდგომ აფასებდნენ ჩატბოტის პასუხებს. შედეგად ChatGPT სწავლობდა რა იყო სწორი და რა - არასწორი.
რობოტის წვრთნა ახლაც გრძელდება: მომხმარებლებს შეუძლიათ შეაფასონ მიღებული პასუხები და უკუკავშირის გრაფის მეშვეობით მისწერონ ჩატს, რა არ ვარგოდა.
ChatGPT-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი:
ChatGPT-ის ძირითად ფუნქციებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავხედოთ. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შეგვიძლია:
• კომპიუტერული პროგრამებისთვის კოდის შექმნა; არსებულ კოდში „ბაგების“ (ხარვეზების) აღმოჩენა და გასწორება
• მუსიკის შექმნა
• ელექტრონული წერილების დაწერა
• სტატიების ან პრეზენტაციების შექმნა
• სოციალური მედიის პოსტების მომზადება
• სტატიებისთვის სათაურების შერჩევა
• მათემატიკური ამოცანების ამოხსნა
• SEO-ისთვის საკვანძო სიტყვების მოძებნა
• ვებგვერდისთვის განკუთვნილი სტატიების, ბლოგების ან გამოკითხვების დაწერა
• არსებული მასალის/სტატიის გადაკეთება სხვა პლატფორმაზე განსათავსებლად, ან მაგალითად პრეზენტაციის შინაარსის ბლოგის სტატიად ქცევა
• პროდუქტის აღწერის დაწერა
• თამაშების თამაში
• CV-ის ან სამოტივაციო წერილების შექმნა და ინტერვიუსთვის მომზადება
• ზოგად შეკითხვებზე პასუხის მიღება
• რთული, ჩახლართული საკითხების მარტივად ახსნა
• ვიდეოს სკრიპტების დაწერა
• ხელოვნების ნიმუშთა შექმნა
გარდა ამისა, OpenAI-იმ განაცხადა, რომ ჩატბოტს უკვე შეუძლია ხმოვანი კომუნიკაცია. მომხმარებელი თუ ChatGPT-ის ხმამაღლა დაუსვამს კითხვას, ასეთივე ხმოვან პასუხს მიიღებს. უფრო მეტიც, ჩატს სურათების დამუშავებაც შეუძლია. მაგალითად, თუ ფოტოს ვაჩვენებთ და მასზე გამოსახულ ნივთზე მოყოლას ვთხოვთ, იგი გამოსახულებას აღიქვამს და მოთხოვნილ ინფორმაციას მოგვაწვდის. შეგვიძლია ვკითხოთ, როგორ მუშაობს ესა თუ ის ტექნიკა და ა.შ.
ამ ინსტრუმენტს ინფოგრაფიკების შექმნისა და კომპლექსური ანალიზის უნარიც აქვს. მას შეუძლია მონაცემთა დამუშვება და მათი გრაფიკული სახით წარმოჩენა.
სხვა ჩატბოტებისგან განსხვავებით, ChatGPT იმახსოვრებს წინა შეკითხვებს, რაც დიალოგს უფრო მარტივს და აზრიანს ხდის.
OpenAI-იმ უკვე გაუშვა ChatGPT-ის აპლიკაციები, android-ზეც და iOS-ზეც. თუმცა ბოლო ვერსია - GPT-4 ჯერჯერობით ფასიანია.
უარყოფითი
მართალია ჩატი სწრაფად გვაწოდებს ინფორმაციას და წამებში წერს ვრცელ სტატიებს, მაგრამ მას სხვადასხვა ხარვეზიც მაქვს. მაგალითად, ის, რომ ადამიანთა ენას სრულფასოვნად ვერ ფლობს და ზოგჯერ შეცდომებს უშვებს. ხანდახან პასუხები ზედმეტად ბანალურია, ან ზოგადი და არაფრისმთქმელი.
გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ჩატბოტის მონაცემთა ბაზა 2021 წლამდე მომხდარ ამბებს მოიცავს და შეიძლება არასწორი ინფორმაცია/ფაქტებიც მოგვაწოდოს. ამიტომ სჯობს, მომხმარებლებმა პასუხები შეაფასონ, რომ ჩატი მიხვდეს რა სწორია და რა არა.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ პასუხები ზედმეტად „რობოტულია“ და ადამიანის დაწერილს ან ნათქვამს არ ჰგავს. ამიტომ ჩატის დაწერილ სტატიების რედაქტირება მაინც სჭირდებათ. ჩატი ჯერჯერობით ვერ აღიქვამს სარკაზმს ან ირონიას და სტატიის ბოლოს წყაროებსაც არ უთითებს. თუმცა მას შეუძლია, მაგალითად, იუმორისტული ტონის გამოყენება და ხუმრობების ჩართვა. მაგრამ ზოგჯერ ეს ხუმრობებიც ნაკლებად შეესაბამება ტექსტს, ან ზედმეტად ოპტიმისტურ ტონს არჩევს.
ChatGPT-ის სხვადასხვა საკითხზე ერთდროულად კონცენტრირებაც არ შეუძლია. მაგალითად, თუ ვკითხავთ - ცხენი კარგი შინაური ცხოველია თუ არა მისი ზომის გამო და შემდეგ ვკითხავთ, კატაზე რას იტყვი? შეიძლება ამ ცხოველების ავკარგიანობა მხოლოდ მათი ზომის გათვალისწინებით განიხილოს.
ChatGPT მრავალენოვანი რობოტია, მაგრამ ინგლისურიდან სხვა ენებზე ყოველთვის გამართულად ვერ თარგმნის. მაგალითად, თუ სტატიის დაწერას ქართულად ვთხოვთ, დაგვიწერს, მაგრამ სერიოზული რედაქტირება დაგვჭირდება, რადგან რეალურად ინგლისურიდან არასრულფასოვან თარგმანს გვთავაზობს (იხ. სურათი)
ChatGPT-ს გამოსაყენებლად უნდა ესტუმროთ ვებგვერდს: https://chat.openai.com/