ტექსტის ანალიზის ტრადიციული მეთოდები გულისხმობს მხატვრულ ნაწარმოებში ელემენტების ფანქრით მონიშვნას, ჩანაწერების გაკეთებას. როგორც წესი, ეს ხანგრძლივი და ზოგჯერ არათანმიმდევრული პროცესია. ცოლნერ-ვებერის ინსტრუმენტი ამ სამუშაოს ამარტივებს. ის ტექსტის კოდირების მეთოდს იყენებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო ელემენტებს (მაგალითად, იმ ეპითეტებს, რომლებიც პერსონაჟს აღწერს) კონკრეტულ ტეგებს უსადაგებს; შემდეგ კი გვირჩევს, როგორ დავამატოთ ჩვენი მონიშნული ინფორმაცია ონტოლოგიაში. მკვლევრებმა ეს სისტემა კლასიკურ მხატვრულ ტექსტზე გამოსცადეს და დაასკვნეს, რომ კომპიუტერული პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ხელით მონიშვნის შემთხვევაში. შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ დრო დაზოგონ და ანალიზზე სწრაფად გადავიდნენ.
ონტოლოგია და ლიტერატურული კვლევები
ონტოლოგიები კომპლექსური იდეების მოდელირებაში გვეხმარება, მათი დახმარებით შეგვიძლია, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის იერარქიულად დალაგება და მოწესრიგება. მაგალითად, პერსონაჟთა ქცევა, მათი ინტერაქცია სხვა პერსონაჟებთან, მენტალური ან ფიზიკური სურათი ონტოლოგიის ნაწილია და ამ სტრუქტურათა სწორი აღქმა და გაგება სიღრმისეულ ლიტერატურულ ანალიზში გვეხმარება. ამელი ცოლნერ-ვებერის გუნდმა ტექსტის კოდირება და ონტოლოგია გააერთიანა. მკვლევრები ჯერ ტექსტის ანოტირებას ასრულებდნენ რომელიმე აღმნიშვნელთა ენის გამოყენებით (მაგალითად, XML ან TEI-DTD), შემდეგ კი ინსტრუმენტს (აპლიკაციას) ავალებდნენ ნახევრად-ავტომატიზებული მოსაზრებების გენერირებას ონტოლოგიური კატეგორიების გამოსაკვეთად. ეს მიდგომა ზოგავს დროს და მსგავსი შემთხვევების სტანდარტულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს (მაშინ, როცა სხვადასხვა მკვლევრის ინტერპრეტაციები შესაძლოა, განსხვავდებოდეს).
მეთოდოლოგია
ამელი ცოლნერ-ვებერის გუნდმა ლიტერატურული ტექსტების ანოტირება წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით დაიწყო. სულ ოთხი კატეგორია გვაქვს: აღწერილობა, განაცხადი, ქმედება, პერსონაჟის სიტყვა/მეტყველება. მათ მიერ შექმნილმა ალგორითმმა ანოტაციები შეისწავლა და თითოეული პერსონაჟის თუ კონცეპტის ონტოლოგიურ მახასიათებლებს დაუკავშირა. ეს ინფორმაცია შესაძლოა, იერარქიულ მოდელს დავამატოთ. საკვლევად აიღეს ტექსტი - ჩარლზ რობერტ მეტიურინის „მოხეტიალე მელმოტი“. ცოლნერ-ვებერის ინსტრუმენტმა მთავარი პერსონაჟის 72 ონტოლოგიური მახასიათებელი გამოყო. ეს აპლიკაცია მკვლევრებს გაუმარტივებს ლიტერატურული ტექსტების ანოტირებასა და პერსონაჟთა მოდელირებას. ის ერთგვარი ხიდია სუბიექტურ ინტერპრეტაციასა და ფორმალურ რეპრეზენტაციას შორის.